საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი IPSOS-ის კვლევას გაყალბებულს უწოდებს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას "თითქმის იგივე შედეგი" ჰქონდეს.

"ეს არის გაყალბებული კვლევები, ჩვეულებრივ. სასაცილო არის, ამ კითხვაზე, შეიძლება, უბრალოდ ღიმილით ვუპასუხოთ, როგორ შეიძლება, რომ თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს ნაცმოძრაობამ და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების ამოცანაა, რომ არჩევნებზე მშვიდად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგები იქნება 2 ოქტომბერს", — აცხადებ ის.

მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 41% კახა კალაძეს, 36% ნიკა მელიას, 13% კი გიორგი გახარიას მისცემდა ხმას.

მთავარი არხის ინფორმაციით, მათი დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში IPSOS-ის მიერ პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდენტი. კვლევა ჩატარდა 21-დან 25 სექტემბრის პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.