ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას შეფასებით, სავარაუდო მოსმენების გამო, არამხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უნდა დატოვოს თანამდებობა, არამედ მთავრობა უნდ გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნოს. მისივე თქმით, პრობლემა არა გრიგოლ ლილუაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია.

"ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენ წინ დიდი ლოდი დევს. ასეთ შემთხვევაში, უშიშროების უფროსი კი არ მიდის თანამდებობიდან, ასეთ შემთხვევაში, მთავრობა მიდის ნორმალურ ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნები ინიშნება. ამიტომ ახლა ლილუაშვილზე საუბარი არის ჭანჭიკზე საუბარი. რაღაც თვალსაზრისით ეს შეიძლება ივანიშვილს აწყობდეს კიდეც, რადგან მოძებნის მეორე ლილუაშვილს. უბედურების წყარო ამ ქვეყანაში არის ივანიშვილი", — თქვა გიგი უგულავამ.

დღეს, 27 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილმა სავარაუდო ფარულ მოსმენებზე კომენტარი გააკეთა. "მე რა შუაში ვარ?" — ასე უპასუხა კითხვას, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: