საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დმანისში მომხდარი მოვლენები "დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს უკავშირდება". მისი თქმით, მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და მნიშვნელობა არ აქვს ვისგან იყო ის "პროვოცირებული".

"დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც სხვათა შორის მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ხოლო ქართულმა ოცნებამ ყველა მუნიციპალიტეტში "უმაღლეს დონეზე უმაღლესი სტანდარტით" ჩაატარა საარჩევნო კამპანია.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ დმანისსა და რუსთავში მომხდარი თავდასხმები დაგმო და ის შეაფასა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, ღარიბაშვილმაც გაავრცელა განცხადება და საარჩევნო კამპანიების დროს მიმდინარე ძალადობები დაგმო. მან თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა ისეთ საარჩევნო კამპანიას იმსახურებს, რომელიც მათ ფასეულობებს შეესაბამება.