"რის პასუხისმგებლობას, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე?" — ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოსმენებთან და ფაილების გავრცელებასთან დაკავშირებით მინისტრის პასუხისმგებლობის შესახებ კითხვას.

გომელაური ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ჟურნალისტებს მოუწოდებს, არ იყვნენ "სულსწრაფები".

გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლის მიერ დიპლომატების ფარულ მოსმენაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ შს მინისტრი ამბობს:

"უკანონო იყო? დაელოდეთ, რატომ ხართ სულსწრაფები, დაელოდეთ და ნახავთ პასუხს".

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: