პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსმენებს "აწარმოებენ", მაგრამ კანონის ფარგლებში. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მოქალაქეების მოსმენაზე.

"თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც თქვენ [მთავარი არხი] და TV პირველმა გაავრცელეთ, ამის თაობაზე მე უკვე გავაკეთე ერთხელ კომენტარი, მეორედ აღარ ვაპირებ. ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში", — აცხადებს ღარიბაშვილი.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩანაწერები მოპოვებული კანონის ფარგლებში, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამას გამოძიებამ უნდა უპასუხოს და შისწავლოს, რა იყო ნამდვილი და რა — "ფაბრიკაცია".

ამის შემდეგ მას ჰკითხეს, თუ გამოძიებას უნდა დაველოდოთ, ღარიბაშვილი რატომ უწოდებს გავრცელებულ ფაილებს "ფაბიკაციას".

"ძალიან ბევრმა ადამიანმა მათ შორის უარყო და ძალიან ბევრი იმდენად არსერიოზული ჩანაწერები იყო და ტყუილის შემცველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ... მით უმეტეს, ვიცით რა სააკაშვილის ხელწერა და ნაცმოძრაობის ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო დიდი სიყალბე და ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე", — თქვა ღარიბაშვილმა.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: