ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი, შეიძლება, აუცილებელი ნაწილი გახდეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გადასარჩენად ბრძოლისთვის.

"მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შეიძლება აუცილებელი ნაწილი გახდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გადასარჩენად ბრძოლისთვის, ოღონდ პირველი ამოცანა ჯერ არის ივანიშვილის რეჟიმის მარცხი, რაც იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. ამ პროცესში შესაძლოა, რა თქმა უნდა, პროტესტი საჭირო გახდეს", — განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, IPSOS-ის კვლევაში არის ის, რასაც ადასტურებს ვითარება, რომელსაც ყველა ხედავს და რაც სხვა კვლევებმაც აჩვენა, მკაფიო მარცხი ელის ივანიშვილის რეჟიმს, თუ მოქალაქეები მივლენ არჩევნებზე და თავისუფალ ნებას დააფიქსირებენ.

"ერთადერთი იარაღი, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს ახლა, გარდა უკანონო ძალადობრივი მოსყიდვისა, არის უიმედობა და მოქალაქეების არმოსვლა არჩევნებზე. ამიტომ, მინდა ვისარგებლო და ვუთხრა ყველას, ვისაც სურს ამ დამანგრეველი კურსის ფუნდამდენტურად შეცვლა, უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და მაშინ ჩვენი მოქალაქეების ნებას წინ ვერაფერი დაუდგება. ეს კვლევა აჩვენებს, რომ მარცხი იქნება ძალიან მძიმე, თუ მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე. სწორედ ამიტომ აკეთებენ ამ უტიფარ, ბრიყვულ განცხადებებს — "2 პროცენტიც რომ ავიღოთ, არ იქნება არჩევნები". სწორედ ამიტომ გავიდნენ იმ ვალდებულებიდან, რომ შედეგის ეშინიათ", — განაცხადა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის თქმით, სწორედ ესაა მათი ტაქტიკა, რომ მოქალაქეებში უიმედობა დანერგონ, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს, თუმცა მთავარია დიდი მარცხი დაფიქსირდეს და შემდეგ მათი მხრიდან რთული იქნება საზოგადოების ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამ ნებაზე დაყრდნობით კი პარტნიორების ზეწოლის.

მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 30% ნაციონალურ მოძრაობას, 9% კი გიორგი გახარიას პარტიას.