შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მათ 71 წლის ქალი გაკოჭეს და დანის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ თანხასა და სამკაულებს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.

"თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1 000 ლარზე მეტ თანხას, 3 000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.