"მე რა შუაში ვარ?" — ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი კითხვას, გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე.

"მე ჩემს თავს ვერსად ვერ დავიბარებ, თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას, რა თქმა უნდა იკითხებიან", — განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, ყველა დაიკითხება და "არავინ დაიჩაგრება", განსაკუთრებით კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

"გამოძიების შედეგად დადგება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის არ მოუგია მსოფლიოში. ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში ასე, რომ ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ", — ამბობს სუს-ის უფროსი.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: