მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პირველი პრემიერმინისტრობის ვადას იხსენებს და ამბობს, რომ ყველაზე მთავარი გამოწვევა ძალაუფლებაა. ის ყვება, როგორ იქცეოდა გადადგომის შემდეგ და როგორ დაბრუნდა მეორედ მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თან ამატებს, რომ მისი აზრით ორჯერ პრემიერმინისტრობას არ იმსახურებს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ეს პასუხისმგებლობაა და მას სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა ნოესთან, ღარიბაშვილის ამბობს, რომ "30 წლის ბიჭისთვის დიდი ცდუნებაა", როცა მინისტრი ხარ და ყველა შენს ნათქვამს ასრულებენ. მისი თქმით, ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს ამიტომ, პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ ის ათონის მთაზე მარტო წავიდა, რათა "დეტოქსი განეცადა". მისივე თქმით, ამ დროს თავთან ჭიდილი ჰქონდა და არწმუნებდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ სურს.

"ძალაუფლება და პოლიტიკა, როგორც გითხარით, იმდენად დიდი ცდუნებაა, რომ ყოველთვის გეძახის, ყოველთვის თითქოს მაგნიტია, გეძახის, რომ დაბრუნდე და ანუ აქ რეალურად შენს თავს კარგავ და დამერწმუნეთ, ამის დამარცხება ძალიან რთულია", — განაცხადა მან.

ამის შემდეგ პრემიერმინისტრი იხსენებს კიდევ ერთ ისტორიას და ამბობს, რომ ათონის მთაზე მეორედაც ავიდა და მაშინაც პოლიტიკისადმი ინტერესი ჰქონდა, ანუ დაბრუნება სრუდა. მისი მტკიცებით, ათონელ ბერს უთხრა, რომ თუ "ღმერთის ნება იქნება" პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ "ღმერთისთვის თავი დაენებებინა" და თავად გაეკეთებინა ის, რაც უნდოდა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდა და ის პოლიტიკაში დაბრუნდა, შემდეგ კი მეორედ გახდა პრემიერი, რასაც მისი აზრით, არ იმსახურებს.

"ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, ისევ ათონს უკავშირდება. მეორედ ჩავედი და ბერძენ ბერთან მომიწია საუბარი. მაშინაც მქონდა რაღაც ჭიდილი ჩემ თავთან, თითქოს ჩემ თავს ვარწმუნებდი, რომ აღარ მინდა პოლიტიკა, აღარ მაინტერესებს. ვიცოდი, რომ ჩემს თავს ვატყუებდი ამით. თითქოს მქონდა მაინც ეს სურვილი და ინტერესი.

ხოდა, ბერს ვეკითხები მოკლედ, საინტერესო პასუხი გამცა სხვათა შორის. ვუყვები ჩემს განცდებს და მეკითხება, გინდა თუ არა დაბრუნდე პოლიტიკაშიო. მე ვპასუხობ, თუ ღმერთის ნება იქნება-თქო. მან გაიცინა და მიპასუხა, ღმერთს თავი დაანებე, შენ უნდა ჩამოყალიბდე, თუ შენი გული გეუბნება, რომ ეს არის ის, რაც უნდა აკეთო, მაშინ გადადგი ეს ნაბიჯი. ასე განვითარდა პრინციპში, როცა ჯერ პარტიაში დავბრუნდი ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, შემდეგ დავინიშნე უკვე თავდაცვის მინისტრად და შემდეგ პრემიერმინისტრად გუნდის გადაწყვეტილებით. დღეს ვართ იქ, სადაც ვართ.

ვუბრუნდები ისევ იმას, რომ რა თქმა უნდა, ეს არის დიდი პატივი. მე ვიტყოდი, რომ დაუმსახურებელია ჩემთვის, მე არ ვიმსახურებ, ალბათ, ორჯერ პრემიერმინისტრობას, მე ასე ვფიქრობ, თუმცა ეს პასუხისმგებლობაა, ამიტომ სხვა ასე ვთქვათ, ალტერნატივა არ მაქვს მე, გარდა იმისა, რომ ბოლომდე დავიხარჯო და ყველა ის საქმე ბოლომდე მივიყვანო, რომელიც მე მქონდა გააზრებული, ნაფიქრი, პირველი პრემიერმინისტრობის დროს, შემდეგ პერიოდში და ახლა, როცა განახლებული ენერგიით და განახლებული ხედვით დავბრუნდი ამ თანამდებობაზე", — განაცხადა მან.