კოლონის უნივერსიტეტის პრესრელიზის მიხედვით, Oppiella nova "უძველესი ასექსუალი" დედალი ტკიპას სახეობაა. მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ იმის გარკვევას, თუ როგორ ახერხებენ ეს ქმნილებები გამრავლებას და გადარჩენას სექსის გარეშე.

გარკვეულ ეტაპზე მათ ჰიპოთეზა წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც ეს ტკიპები პერიოდულად შემთხვევით გამრავლების უნარის მქონე მამალ ტკიპებს წარმოშობენ. ახლა კი მათ ეს გაურკვეველი პაზლი საბოლოოდ ამოხსნეს: სინამდვილეში, ამ O.nova-ს საკუთარი კლონების შექმნა დამოუკიდებლად შეუძლია.

აღმოჩნდა, რომ O. nova-ს შეუძლია შექმნას საკუთარი თავის გენეტიკურად განსხვავებული ვერსიები პროცესის საშუალებით, რომელსაც "მეზელსონის ეფექტი" ეწოდება. ეს მათ საშუალებას აძლევს, ცალკეული გენეტიკური მუტაციებით შექმნან საკუთარი გენეტიკური ინფორმაციის სხვადასხვანაირი ასლები.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა მეზელსონის ეფექტის დაკვირვება და მისი შესწავლა შეძლეს. აღმოჩენის შესახებ გუნდმა მოხსენება PNAS-ში გამოაქვეყნა.

"შესაძლოა ეს მარტივად ჟღერდეს, მაგრამ პრაქტიკაში მეზელსონის ეფექტი დღემდე არასდროს გამოვლენილა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ტანია შვანდერმა პრესრელიზში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტი ძალიან იშვიათია, ქმნილებები, რომლებსაც სქესობრივი რეპროდუქციის გარეშე შეუძლიათ გამრავლება, ბუნებაში კიდევ გვხდება. მაგალითად, გასულ წელს მკვლევრებმა გიგანტური ზღვის ქმნილება აღმოაჩინეს, რომელიც მილიონობით კლონისგან შედგებოდა.