ალბათ, ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს მია, მანუელი, მარისა თუ პაბლო. მალე მათი პროტოტიპები, მართალია, სრულიად შეცვლილები, მაგრამ სანაცვლოდ თანამედროვე სახეებითა და განახლებული სიცოცხლით დაბრუნდებიან ეკრანებზე.

ნეტფლიქსმა ახალი სერიალი Rebelde (მეამბოხე) გადაიღო, რომელიც რიმეიქია ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი მექსიკური სერიალისა, რომელიც 2004-2006 წლებში გადიოდა მექსიკურ სატელევიზიო არხზე.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ეს მექსიკური სერიალი არგენტინული Rebelde Way-ის (მეამბოხე სულის) მიხედვით შეიქმნა, რომელიც უფრო ადრე, 2002 წელს გამოვიდა და საქართველოშიც სწორედ ამ ლათინურამერიკულმა შოუმ მოიხვეჭა სახელი.

როგორც ჩანს, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკის კონტინენტებზე უფრო პოპულარული მექსიკური ვარიანტი აღმოჩნდა და ნეტფლიქსმაც სწორედ მის მიხედვით გადაიღო უფროსკლასელი თინეიჯერების შესახებ ახალი სერიალი, რომლის პირველი მუსიკალური ვიდეოც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

უკვე ცნობილია, რომ თანამედროვე Rebelde (მეამბოხე) 2022 წელს გამოვა და ვინ იცის, თინეიჯერული სერიალების ერთგული მაყურებლებისთვის შეიძლება ახალ ფავორიტ სანახაობადაც იქცეს.

ან კიდევ მათ, ვისაც ბავშვობისდროინდელი მეამბოხე სულები ენატრება, ნოსტალგია ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქოს.