პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, როგორც პაპამისის მამა ვერ ადგება სამარიდან, ისე ვერ ჩამოვა მიხეილ სააკაშვილიც საქართველოში არჩევნებისთვის.

"ერთი პაპაჩემის მამა იასონა ადგება სამარიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა კიდე საარჩევნოდ რა, აგერ მე და აგერ თქვენ. გამორიცხულია ეგ ამბავი, მაგდენი გამბედაობა არ ეყოფა და მაგხელა რისკზეც ვერ წავა. მე ველი, რომ იმ საარჩევნო რეფორმების შედეგად, რომლისთვისაც ჩვენ თავი არ დავზოგეთ, ნორმალურ არჩევნებს მივიღებთ შედეგების თვალსაზრისით", — განაცხადა ელისაშვილმა პირველი არხის ეთერში.

24 სექტემბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად შეასრულებს ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დადებულ პირობას, თუმცა, თუ "ხალხმა ხელი არ გაანძრია", მხოლოდ ის ვერაფერს უშველის.

მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვა, თუმცა თარიღს ისევ არ აკონკრეტებს. მისი თქმით, თარიღსა და მარშრუტთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანონსა 2 ოქტომრბის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მას ზუსტი თარიღი არც აქამდე უთქვამს, თუმცა აცხადებდა, რომ პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა.