ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ხოჯევანიშვილის, მელაძის და გვარამიას მიერ აფრიალებულ და გაუგებარ ფურცლებს" უწოდებს TV პირველის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, დეპუტატები თავიანთ სასამართლო დავებში ჩარევას ვანო ზარდიაშვილს სთხოვენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ ეს დოკუმენტი სუს-გან მიიღეს.

"გაუგებარი ფურცელია, შესაბამისად, არავითარ კომენტარს არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, არ ხდება. ჰკითხეთ ხოჯევანიშვილს დანარჩენი", — უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

გუშინ, 25 სექტემბერს, TV პირველმა გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც, მათი თქმით, სუს-ის თანამშრომელმა მიაწოდა. 2019 წლის 19 მარტით დათარიღებულ ფაილში ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კოვზანაძე დაუკავშირდა ვანო ზარდიაშვილს და სასამართლო დავაში დახმარება სთხოვა, რაზეც დასტური მიიღო. ამავე დოკუმენტში ჩანს კიდევ ერთი დეპუტატის თხოვნა — პაატა კვიჟინაძეც ვანო ზარდიაშვილს მიმართავს და ისიც დასტურს იღებს. დოკუმენტის მიხედვით, კვიჟინაძე მიუთითებს კონკრეტულ კომპანიაზე და ამბობს: "ამათ უნდა წავაგებინოთ", ზარდიაშვილი კი პასუხობს: "მივხედავ".

აღსანიშნავია, რომ ვანო ზარდიაშვილი ე.წ. სასამართლო კლანის მეგობრად მოიაზრება.