ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ "კეზერაშვილის ტელევიზიაში" ივანიშვილის კრიტიკა ფსკერზე დაშვება იყო. მისი თქმით, გახარია ისეთ ქმედებებზე გადავიდა, რაც "თვითდაზიანებას ნიშნავს".

"როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა ივანიშვილმა, ეს არ ვიცი უკვე, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული, ეს არის ერთი მორალური ფსკერი. გარდა ამისა, როდესაც უკვე ასე საუბრობ, რომ ვერ ხვდები რა გაწყობს და რა არა, ეს ნიშნავს, რომ ფსკერს ქვემოთაც ხარ დაშვებული.

მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია ოცნებასთან, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს, უკვე ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს", — განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 25 სექტემბერს, გახარიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ადრე საუბრობდა ივანიშვილის "უმნიშვნელოვანეს როლზე" ქართული ოცნების მიმართ ნდობის საკითხში და ჰკითხა, ახლაც იმავე აზრზე იყო თუ არა. გახარიამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა: "ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების".