ექსპრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ადრე საუბრობდა ივანიშვილის "უმნიშვნელოვან როლზე" ქართული ოცნების მიმართ ნდობის საკითხში და ჰკითხა, ახლაც იმავე აზრზე იყო თუ არა. გახარიამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა: "ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების".

ფორმულას ეთერში გახარიამ იმაზეც ისაუბრა, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია, როგორც ივანიშვილი, ასევე, თავად ის.

"არ არსებობს არანაირი თანმიმდევრულობა, არ არსებობს არანაირი პასუხისმგებლობის გააზრება და რაღაც განსაკუთრებით, ამ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში სულ უფრო და უფრო რეალობას მოწყვეტილ ქაოსს ვხედავ.

ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი — კარგი შეკითხვაა, ყველანი ვართ პასუხისმგებელი, მათ შორის მეც, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც დღეს ქართული ოცნების სახით ჩვენ გვაქვს არ ვფიქრობ, რომ მას ეს მოსწონს. მინდა ვიკითხო საერთოდ, ეს ახლა მოსაწონია, რაც ხდება?" — თქვა გახარიამ ფორმულას ეთერში.

გარდა ამისა, მას ჰკითხეს, ვინ განაპირობა ის მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია და არის თუ არა ვინმე ამაზე მეტად პასუხისმგებელი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, რაზეც მან უპასუხა:

"ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში იყო ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი. გაკმაყოფილებთ პასუხი?"