ექსპრემიერი გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გამართვა შეცდომა იყო და მაშინ მის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, შსს-მ, მმართველი გუნდი გააფრთხილა, რომ სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვება რისკებს შეიცავდა. გახარიას მტკიცებით, ეს პოზიცია უწყებამ მკვეთრად გამოხატა.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არ პასუხობს კითხვას, ამის ფონზე, ვინ მიიღო რუსი კომუნისტი დეპუტატის შემოშვების გადაწყვეტილება.

"ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის შემოშვება იწვევდა მაღალ რისკებს, ვსიო, ეს იყო ჩვენი პოზიცია. [...] როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს კაცი იქნა შემოშვებული, ეს პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა და ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი ვიყავი მეც", — განაცხადა გახარიამ ფორმულას ეთერში.

ის და მისი თანაგუნდელი კახა ქემოკლიძე, რომელიც მაშინ შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, ამბობენ, რომ ამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაგეგმვა შეცდომა იყო, რადგან დელაგაციის ბევრ წევრს ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებული პოზიცია.

"პოლიტიკური პოზიცია მაგალითისთვის, გულწრფელად თუ გინდათ გითხრათ, ეს ორგანიზაცია და ის ღონისძება რაც ჩატარდა, იქ 70%-ს რუსული დელეგაციის, თუ ვინც იყვნენ წარმოდგენილი, შეიძლება დიამეტრალურად განსხვავებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციისგან. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საერთოდ შეცდომა იყო, ჩემი აზრით, იმ ღონისძიების გამართვა, გულწრფელად რომ ვთქვა. რატომ არ აღვკვეთეთ სულ სხვა საკითხია", — განაცხადა ქემოკლიძემ.

მის შემდეგ კი გახარიამ აღნიშნა, რომ ღონისძიების გამართვაზე გადაწყვეტილება "პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა მიიღო" და მათი, ანუ შსს-ს ამოცანა იყო შესრულება, რაც გააკეთეს კიდეც.

"გავრილოვის შემოსვლა, გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა, გავრილოვთან ერთად ქეიფი და ბაკლების მიჭახუნება რომ შეცდომა იყო, ამაზე ვდავობთ? შსს-სთვის ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, გავრილოვის შემოშვება-არ შემოშვება და ამ ღონისძიების ჩატარება იყო თავიდან ბოლომდე ტექნიკური საკითხი. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ამოცანა იყო ამ გადაწყვეტილების შესრულება და შევასრულეთ.

ბევრ რამეზე გამოვთქვით აზრი და თქვენ თუ გაინტერესებთ, იმ გავრილოვთან ერთად რამდენი ადამიანი მივაბრუნეთ უკან, შეგიძლიათ ნახეთ. მათთან სამართლებრივი ინსტრუმენტი არსებობდა და ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გვჭირდებოდა, გავაბრუნეთ. [...]

შეცდომა რა იყო იცით? შეცდომა იყო ამ ღონისძიების ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტში ჩატარება, რასაც მოყვა ყველაფერი ის, რაც მოყვა და ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლოო ჯამში, ქვეყანამ", — განაცხადა გახარიამ.