ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტპატიმრები არ იყვნენ. მისი მტკიცებით, მათი დაკავება და ეს გამოძიება არ იყო მისი წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ ნეგატიური გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე.

"არცერთ შემთხვევაში არცერთ მხარეს, არც ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, არც ოპოზიციას პოლიტიკური ელფერი ამ საკითხისთვის არ უნდა შეეძინა. ერთმაც შესცოდა და მეორემაც.

აქ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტები იყო ჩართული, სასამართლო, ეკლესია, ხელისუფლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბოლოს ამაში იყო ჩართული ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც ინსტიტუცია, არ მინდა საგარეო საქმეთა სამინისტრო ვთქვა", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამ ისტორიიდან პოზიტიური შედეგი არ გამოვიდა.

გახარია ამბობს, რომ გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე იცოდა, მაგრამ არ იცოდა რომ მათ დაკავებას აპირებდნენ. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო და პროკურატურა და მათ ჰქონდათ შესაბამისი დამოუკიდებლობის ხარისხი.

კარტოგრაფების საქმე

2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

28 იანვარს კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.