ცაგერში გახარიას პარტიის, საქართველოსთვის მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს. როგორც ბესარიონ ბენდელიანი On.ge-სთან ამბობს, წუხელ ავტომობილი სახლთან დაახლოებით 00:00 საათისთვის სახლთან გააჩერა, დილით კი დაცხრილული დახვდა.

"დილით გამოვედი და შევამჩნიე, რომ მანქანა იყო დაზიანებული, დაცხრილული. ხმა არ გაგვიგია, ძალიან მჭიდრო დასახლებაა, მეზობლებიც სახლში იყვნენ და არავის გაუგია. სავარაუდოდ, ეს არის, როგორც მეუბნებიან პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, მაყუჩიანი იარაღი. დაახლოებით 2-3 ტყვია აქვს ალბათ ნასროლი.

ბენდელიანი დარწმუნებულია, რომ მანქანას მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ესროლეს.

"ერთადერთი, რასაც უკავშირდება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არის ჩემი პოლიტიკური აქტივობა, პოლიტიკური კამპანია ცაგერის რაიონში. მე მაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა და ეს არის გამოწვეული ქართული ოცნებისგან იმედგაცრუებით, რომლებმაც უკვე სახე დაკარგეს. განსაკუთრებით ამ ყველაფერში აქტიურობს ცაგერის სუს-ი", — ამბობს ბენდელიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა ნათია მეზვრიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ პარტია წინასაარჩევნო კამპანიას, პრაქტიკულად, ვერ ატარებს. ის ბესო ბენდელიანის მანქანის დაცხრილვაზე პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელმძღვანელობას აკისრებს.

"კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს, გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ — თვეებია ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ და არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც განცხადება რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად შევიტანე", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება მათ კანდიდატებზე ზეწოლა და მუქარა, ხოლო მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარებების მოხსნით.

"გუშინ ავტომანქანის საბურავები დაუშვეს ლაგოდეხის საკრებულოს კანდიდატ სალომე ღონღაძეს; რამდენიმე დღის წინ, ასპინძაში, მერის მოვალეობის შემსრულებელი და სხვა მოხელეები თავს დაესხნენ საკრებულოს კანდიდატს; მთელი ქვეყნის მასშტაბით აზიანებენ და ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალას, კერძოდ, პლაკატებსა და ბანერებს, რაშიც მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ორგანოები", — ამბობს მეზვრიშვილი.

ამასთან, მან ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან გიორგი გახარიას წინააღმდეგ "ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიაზე", საუბარია ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებაზე.