გაეროს გენერალურ ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამაყობს საქართველოს წევრობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და იქვე თავის პარტიაზეც ისაუბრა. მანვე თქვა, რომ ამაყობს ქვეყნითა და ქართული ოცნების გაკეთებული საქმეებით.

"თქვენს წინაშე ვდგევარ და წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც სრული მზაობა და რწმენა გააჩნია; ქვეყანას, რომელიც ოპტიმისტია, მაგრამ მომავალს ყოველთვის პრაგმატული ლინზების პრიზმაში უყურებს.

ვამაყობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით და იმ საქმით, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასრულებს კაცობრიობისთვის. ასევე ვამაყობ ჩემი ქვეყნით და მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ გაკეთებული საქმით უფრო ძლიერი დემოკრატიის, მეტად ძლიერი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", — თქვა მან.

გაეროს ტრიბუნიდან პრემიერი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად და თქვა ისიც, რომ "ქართული ოცნებები ხდება".

"დავუბრუნდები ჩემი ქვეყნის თემატიკას და ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება. სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებებისთვის ვიღწვით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს.

ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და კიდევ ერთხელ ვხდებით წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრი მსოფლიოში", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება სხვა თემებს, პრემიერმა ისაუბრა რუსეთზეც და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს სთხოვა, რომ ერთად დაასრულონ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის "წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს", ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნებსაც და თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანაში 6 დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და კიდევ ერთ ასეთ არჩევნებს ჩაატარებს. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გამარჯვებულებს გულმოწყალება მართებთ, ხოლო დამარცხებულებს ხალხის ნების დამორჩილება.

ამ ტრიბუნიდანაც პრემიერმა ისაუბრა "ბნელ ძალებზე", რომ მათ ხშირად "გარე დივერსანტები ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ". ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რომ ამას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ამბობდა, მაგრამ ამ დროს სწორედ წინა საარჩევნო გარემოს მომოიხილავდა.

"აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დემოკრატიული წეს-წყობილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოექცა წნეხის ქვეშ, ხოლო ზოგ შემთხვევაში შეტევის წინაშე.

ირაციონალური და ბნელი ძალები ამუშავდნენ, რასაც ხშირად გარე დივერსანტები ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ. მათ წყაროს მნიშვნელობა არა აქვს — ჩვენ დემოკრატიულ გზაზე უნდა დავრჩეთ. არჩევნები ხშირად ვნებებისა და მძიმე ბრძოლების ადგილად იქცევა; ემოციებიც მატულობს", — თქვა მან.

ღარიბაშვილმა მიმოიხილა საერთაშორისო ურთიერთობები და განაცხადა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრა ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა. მანვე მოიყვანა რამდენიმე მაგალითი იმისა, როგორ იყო ჩართული საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და მოლაპარაკებაში.

პრემიერმინისტრმა რამდენიმე ანგარიშიც გაიხსენა და თქვა, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ეკონომიკური განვითარების და თავისუფლების საზომით.

ქვეყანაში განვითარებულ სხვა მოვლენებზე, მათ შორის, ძალადობრივ თავდასხმებზე და პოლიტიკურ დაძაბულობაზე პრემიერს არ უსაუბრია.