პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას წევრ ქვეყნებს მიმართა თხოვნით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია ერთად დაასრულონ.

"როგორც განვმარტე, საქართველო აღმასვლას აგრძელებს. ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად. თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ ოკუპანტი ძალაა.

"ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ.

ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია", — თქვა მან.

მან გაეროს ტრიბუნიდან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ერთობლივად იმოქმედონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირებით.

"ერთობლივი ძალისხმევით შეეწყოს ხელი ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ. ეს გულისხმობს ადამიანთა გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებს და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევას — განსაკუთრებით გალის რაიონში. პანდემიის პერიოდში, ამან პრინციპში შეუძლებელი გახადა სამედიცინო დახმარების მიზნით ადამიანთა ევაკუაცია", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მანვე მიმართა ეთნიკურად აფხაზებსა და ოსებს და განაცხადა, რომ ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, ხოლო მტრებს გამიჯვნა და დაშორება სურთ.

"სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება.

ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს და ერთი სამშობლოს, საქართველოს, ნაწილი ვართ. ამიტომ, ერთად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალიც. ერთად და მშვიდობიანად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რათა ის ჭეშმარიტად დემოკრატიულ, აყვავებულ და მომავალზე ორიენტირებულ, ევროპულ საზოგადოებად იქცეს", — თქვა მან.