საქართველოს მთავრი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ნარკოდანაშაულის შესაძლო ფაქტზე დაკავებულის ჩხრეკას მოწმეები არ უნდა ესწრებოდნენ. ამის შესახებ მან ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების უფლებების დამცველების მიერ გაკეთებულ ბრალდებებზე საპასუხოდ თქვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კატეგორიულად შეუძლია თუ არა მთავარმა პროკურორმა თქვას, რომ ნარკოტიკული საშუალებების "ჩადებით" ადამიანებს არ აკავებენ? შოთაძემ კითხვითვე უპასუხა: "და თქვენ ამბობთ, რომ ჩადებით აკავებენ?"

"ბევრმა ადამიანმა შეიძლება რაიმე თქვას, არსებობს დაცვის მეთოდიკის სხვადასხვა ფორმა. მათ შორის, ბევრი პრეტენზიები მომისმენია "ჩადებასთან" დაკავშირებით, თუმცა, როდესაც არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, იმაზე საუბარი, რომ პოლიციამ ჩაიდინა რაიმე დანაშაული არის არასწორი," - თქვა მთავარმა პროკურორმა.

როგორც ის ამბობს, როგორც პირის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებისთვის მტკიცებულებები საჭირო, ისე მტკიცებულება საჭირო სამართალდამცავის დასადანაშაულებლად.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის ჟურნალისტის, ელისო კილაძის შვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის შვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დეკანოიძის შვილმა ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ხოლო ელისო კილაძის შვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.