იმის გასაგებად, თუ რატომ დაკარგეს სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე გაჩენილმა გალაქტიკებმა ვარსკვლავების წარმოქმნის უნარი, მეცნიერებმა მაშინდელი კოსმოსის შესწავლა გადაწყვიტეს. ეს მათ მძლავრი ხელსაწყოების მეშვეობით შეძლეს, რომელთა შორისაც NASA-ს მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიც გახლავთ.

წესით, ახლა გალაქტიკები, რომლებიც დიდი აფეთქებიდან მალევე ჩამოყალიბდნენ, ყველაზე აქტიურ ფაზაში უნდა იყვნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი უმოქმედოდაა და ახალ მნათობებს ვეღარ ქმნის. აშშ-ის ქალაქ ამჰერსტში მდებარე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა კვლევის თანახმად, ამის მიზეზი ისაა, რომ მსგავსი ობიექტები ვარსკვლავების წარმოსაქმნელად საჭირო ცივ აირს თავიანთი სიცოცხლის ადრეულ პერიოდშივე კარგავენ.

გამოიცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომში წარმოდგენილი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სპეციალისტებმა დროში იმოგზაურეს, ანუ ჩვენგან 10-12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკებს დააკვირდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს წარსულში სწორედ ამდენი ხნით გადაინაცვლეს, რადგან ჩვენამდე მოღწეული სინათლე სწორედ მაშინდელი კოსმოსის ამსახველია.

მათ უზარმაზარი და უძველესი ასტრონომიული ობიექტები ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და ატაკამის უდაბნოში მდებარე ინტერფერომეტრის ALMA დახმარებით შეისწავლეს. ეს უკანასკნელი სინათლის ნებისმიერ სპექტრს აღიქვამს, იმასაც კი, რომლის დანახვაც ჩვენ არ შეგვიძლია.

ასევე, მკვლევრებმა გრავიტაციული ლინზირების ეფექტიც თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენეს. ამ დროს შორეული ობიექტებიდან წამოსული სხივები მრუდდება, რაც მათი წყაროს შესახებ დეტალური მონაცემების მიღების საშუალებას გვაძლევს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ALMA-მ გალაქტიკებში ცივი აირის დონე განსაზღვრა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გალაქტიკებმა აირის მარაგი ან უჩვეულოდ სწრაფად ამოწურეს, ან მისი ანაზღაურება ვეღარ მოახერხეს, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.