სუპერმარკეტების ქსელ Daily-ში ამბობენ, რომ მაღაზია ქუთაისში, რომელიც ღამით გაძარცვეს, პოლიციის სამმართველოსთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით მდებარეობს. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელი On.ge-სთან აცხადებს, რომ მათ ქსელში თვის განმავლობაში დაახლოებით 4-5 ძარცვა ხდება და ხშირად გამოძიების პროცესი დროში გაწელილია.

"ჩვენი ფილიალი, რომელიც გაძარცვეს, დღეს უნდა გახსნილიყო. გაძარცვეს ღამით. სამ წუთში მივიდა დაცვის სამსახური, თუმცა უკვე წაღებული იყო გარკვეული რაოდენობის პროდუქცია: სიგარეტი, ალკოჰოლი და ა.შ. თვეში დაახლოებით 4-5-ჯერ გვაქვს ასეთი შემთხვევები, მასობრივად ტეხენ ფილიალებს და უკვე ზარალიც ძალიან მასშტაბური ხდება. ხანდახან დროში იწელება საგამოძიებო პროცესები, ხშირად ვერ ვიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას", — ამბობენ კომპანიაში.

Daily-ში აღნიშნავენ, რომ მაღაზიაში ამ დრომდე მიმდინარეობს აღწერის პროცესი და ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. მათივე თქმით, მთელ საქართველოში 100-ზე მეტი ფილიალი აქვთ და ყველაზე მეტი იმერეთში, სადაც ყველაზე მეტია ძარცვის შემთხვევებიც.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში სუპერმარკეტი გახსნამდე გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.