აშშ-ის ნიუ მექსიკოს შტატში მდებარე უაით სენდსის ეროვნულ პარკში ადამიანის ფეხის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით უძველესია. ის 23 000-დან 21 000-მდე წლით თარიღდება, რაც სამეცნიერო საზოგადოებაში აქამდე მიღებულ თეორიებს თავდაყირა აყენებს.

ფეხის რამდენიმე ანაბეჭდი პირველად პარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, დევიდ ბუსტოსმა შენიშნა და მათ შესასწავლად მკვლევრები მიიწევია. დიდი ბრიტანეთის ბორნმუთის უნივერსიტეტში, აშშ-ის არიზონის უნივერსიტეტსა და ამავე ქვეყნის გეოლოგიურ სამსახურში მომუშავე სპეციალისტთა გუნდი გათხრების ჩასატარებლად იქ 2016 წელს გაემგზავრა. ნიმუშების ანალიზის შედეგები გამოცემაში Science გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მეცნიერთა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ნაფეხურები მართლაც ადამიანებს ეკუთვნით, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებს. პალეონტოლოგებმა, ასევე, ძაღლისმაგვარი ხორცისმჭამელი ცხოველისა და მამონტის ნაკვალევსაც მიაგნეს.

ფოტო: Bournemouth University

აღმოჩნდა, რომ ნიადაგის ამ ფენას ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი კვალი 23 000-21 000 წლის წინ დაამჩნიეს, რაც მათ აღნიშნულ კონტინენტზე ნაპოვნ მსგავს ნიმუშებს შორის ყველაზე ძველად აქცევს.

ადრე მიიჩნეოდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი მოსახლეები 15,000-13,000 წლის წინ ჩავიდნენ. მას შემდეგ ამ თარიღმა შედარებით უკან გადაიწია. უკანასკნელმა მიგნებამ კი კონკრეტული პერიოდი გამოავლინა. ნაშრომის ავტორთა თქმით, ეს ნაკვალევი უტყუარია, რადგან ძვლებისა და სხვა მყარი ობიექტებისგან განსხვავებით, ის ნიადაგის ქვედა ფენებამდე ვერ აღწევს.

ამან, შესაძლოა, პრეისტორიული ადამიანების მიგრაციაზე ჩვენი წარმოდგენა სრულიად შეცვალოს. ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ისინი აზიიდან, ბერინგიის რეგიონის გავლით მოხვდნენ, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირსა და დასავლეთ ალასკას შორის მდებარეობდა. თუმცა, დაახლოებით 23 000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების პერიოდში ეს სახმელეთო დერეფანი ყინულით დაიფარა. ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა, როგორ მოახერხეს მათ ამ დაბრკოლების გადალახვა, რადგან ზემოხსენებული არეალის ყინულოვანი საფარის გალღვობას რამდენიმე ათასი წელი დასჭირდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.