ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ გუშინ, 13 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან ქართული ოცნების მხარდამჭერების მისვლა იყო "ახალგაზრდების სპონტანური გამოსვლა". საქმე ეხება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეების, ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

"ეს იყო სპონტანური გამოსვლა ახალგაზრდების იმ სიბინძურეზე, რაც მელიამ იკადრა და გააკეთა", — განაცხადა კალაძემ.

23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.

ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევნდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

დაპირისპირების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მალევე ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილზე დარჩებოდნენ ნიკა მელიას გამოსვლამდე. მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისში პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იქ შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება პირადად სთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის მომხრეები დაიშალნენ, თუმცა ადგილზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მივიდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, შეხვედრა დასრულდა, თუმცა სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერიტორიის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს, ელჩის თხოვნაა, რომ შეხვედრის მონაწილეები შენობაში დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ მივიდნენ.

გაიგე მეტი: