ლანჩხუთში ძლიერი წვიმის შემდეგ მეწყერმა საავტომობილო გზა წაიღო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ომფარეთში 40 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ამასთანავე, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხორეთში დაზიანებულია ხიდი. მერიის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ბიძინა იმნაიშვილმა On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევენ.

"გეოლოგიური დასკვნების შემდეგ მოხდება გზის აღდგენა, მაგრამ შესაძლებელია ჩვენივე ძალებით, ჩვენი სამსახური შეისწავლის დროებით, გვერდით გზას და ჩვენ გავაკეთოთ იქამდე, სანამ გეოლოგები დადებენ დასკვნას", — განაცხადა იმნაიშვილმა.