ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოდელმა ლინდა ევანგელისტამ ინსტაგრამზე მკტივნეული აღიარება გამოაქვეყნა. ლინდამ გულშემატკივრებს განუმარტა, თუ რატომ არ ჩანდა ამდენი ხნის განმავლობაში და საზოგადოებას ცხიმის შემცირების კოსმეტიკურ პროცედურასთან დაკავშირებული სამწუხარო გამოცდილებაც გაუზიარა.

მარცხნიდან მარჯვნივ: ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემპბელი და კრისტი ტარლინგტონი, 1989 წელი.

ფოტო: Getty Images

"ჩემს გამომწერებს, რომელთაც გაინტერესებდათ, თუ რატომ არ ვმუშაობდი მაშინ, როცა ჩემი მეგობრების კარიერა ვითარდებოდა, მიზეზი ისაა, რომ Zeltiq-ის CoolSculpting-ის პროცედურამ დამამახინჯა და იმის საპირისპირო დამმართა, რასაც მპირდებოდნენ. პროცედურამ კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა ცხიმის უჯრედების რაოდენობა, რის გამოც სამუდამოდ დეფორმირებული დავრჩი მას შემდეგაც კი, რაც ორი წარუმატებელი, მტკივნეული კორექციული ოპერაცია გავიკეთე. როგორც მედიამ აღწერა, 'ძნელად საცნობი' გავხდი", — წერს ლინდა ინსტაგრამზე.

ფოტო: lindaevangelista / Instagram

ლინდამ კოსმეტიკური პროცედურით გამოწვეულ მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემებსა და სირთულეებზეც ისაუბრა.

"ამან არა მხოლოდ ჩემი სასიცოცხლო ძალები გაანადგურა, არამედ ღრმა დეპრესიის, სევდისა და საკუთარი თავის უძირო ზიზღის ციკლში აღმოვჩნდი", — აღნიშნავს ლინდა.

მოდელი პოსტში სარჩელის აღძვრასაც ახსენებს, თუმცა მასზე დეტალურად არ საუბრობს.

"ამ სარჩელით წინ მივიწევ, რათა სირცხვილისგან გავთავისუფლდე და საზოგადოებას ჩემი ისტორია მოვუყვე. ასეთი ცხოვრებით დავიღალე. მინდა კარიდან თავაწეული გავიდე მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს აღარ ვგავარ", — წერს ლინდა.

ლინდას ისტორიას საზოგადოება და ცნობილი ადამიანები მხარდამჭერი მესიჯებით გამოეხმაურნენ:

"შენ ხარ და ყოველთვის იქნები სუპერმოდელი", — წერს დიზაინერი ჯერემი სკოტი.

"მადლობა შენი სიმამაცისა და ძალისთვის. მიყვარხარ, ძვირფასო ლინდა", — წერს დიზაინერი მარკ ჯეიკობსი.

"ტაშს გიკრავ შენი სიმამაცისა და ძალისთვის, რომლითაც შენი გამოცდილება გაგვიზიარე და ამ ტყვეობას თავი დააღწიე. ვერ წარმომიდგენია ის ტკივილი, რომელიც მენტალურად გამოიარე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში", — წერს სუპერმოდელი ნაომი კემპბელი.