საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის თბილისის ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების შესახებ კვლევა ჩაატარა. საიამ შესწავლილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებს გააცნო.

საიას წარმომადგენლების თქმით, საქმის გარშემო ამ ეტაპზე დასაბუთებულია ის ეჭვები, რაც საკმარისია საგამოძიებო ორგანოების დასაინტერესებლად და საქმის შესასწავლად.

საიას პროექტის კოორდინატორის, სულხან სალაძის თქმით, თუკი ვინმეს შეიძლებოდა, რომ კომპენსაცია, ან ქონება ჩამორთმეოდა სტიქიის გამო, იყო მხოლოდ საქართველოს ბანკი და არავინ სხვა. მისივე თქმით, საეჭვოდ ემთხვევა ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასებული ფასი და ბანკსა და ნაზღაიძეს შორის დადებული გარიგების ფასი ერთმანეთს. სალაძის განცხადებით, არც თბილისის მთავრობის, არც საკრებულოს განკარგულება არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რაში მდგომარეობდა საზოგადოებრივი საჭიროება, რომ ნაზღაიძეს ეს ქონება ჩამორთმეოდა.

"თუკი ნაზღაიძე არ იყო სტიქიით დაზარალებული და მერიამ სტიქიით დაზარალებულის სტატუსით, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩამოართვა ეს ქონება, ეს ნიშნავს, რომ 28-ჯერ უფრო მეტი გადაუხადა მას იმ ქონებაში, რომლის ღირებულებაც სინამდვილეში 24 ათას ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო." - უთხრა სალაძემ რუსთავი 2-ს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 5 თებერვალს გადაცემა პოსტკრიპტუმში რეპორტაჟი გაუშვა, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ზვიად ნაზღაიძემ ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა საჯარო რეესტრიდან საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ხელშეკრულებები შეისწავლეს. მათი მტკიცებით, ზვიად ნაზღაიძემ, ზარალის ასანაზღაურებლად, მილიონი ლარი იმ მიწის ნაკვეთისთვის მიიღო, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს ბანკს ეკუთვნოდა და რომლის ღირებულებაც რეალურად 23 ათას ლარს შეადგენდა.