ევროკომისიამ, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ახალი გეგმები წარადგინა. მათ სურთ, რომ სმარტფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებმა თავიანთ პროდუქტში მხოლოდ USB C დამტენი პორტები გამოიყენონ. ამ გადაწყვეტილებას ყველაზე დიდი გავლენა Apple-ზე ექნება, რადგან ისინი ჯიუტად ჯერ კიდევ Lightning პორტებს იყენებენ მაშინ, როდესაც მისი კონკურენტების უმეტესობა უკვე დიდი ხანია გადავიდა USB C-ზე. ახალი წესები პირველ რიგში ელექტრონული ნაგვის შესამცირებლად მოიფიქრეს. ამით ადამიანებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ უკვე არსებული დამტენები, როცა ახალ ტექნიკას შეიძენენ.

გარდა სმარტფონებისა, ეს ცვლილება შეეხება ტაბლეტებს, ყურსასმენებს, პორტატულ დინამიკებს, გეიმინგ კონსოლებსა და კამერებს. მწარმოებლები ასევე ვალდებულები იქნებიან შეიმუშაონ სწრაფი დატენვის სტანდარტები და მიაწოდონ ინფორმაცია მომხმარებლებს, რათა ისინი ინფორმირებულები იყვნენ თუ დატენვის რა სტანდარტს შეესაბამება მათი მოწყობილობა. ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი გახდება ისეთი პროდუქტის ყიდვა, რასაც დამტენი არ მოჰყვება, ეს კი სმარტფონების სამყაროში ახალი ტრენდია. Apple და Samsung თავის ფლაგმანურ მოწყობილობებს დამტენებს აღარ აყოლებს.

ცვლილება მხოლოდ კაბელიან დამტენებს ეხება. ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ "უკაბელო დამტენები ინოვაციურია და მათ განვითარება თამამად შეუძლიათ".

იმისათვის, რომ ეს ყველაფერი კანონად იქცეს, ინიციატივამ კენჭისყრა ევროპარლამენტში უნდა გაიაროს. თუ ეს ინიციატივა წარმატებას მიაღწევს, მაშინ მწარმოებლებს მიეცემათ 24 თვე, რათა ახალ კანონებს მოერგონ.

"დამტენები მოყვება თითქმის ყველანაირ ტექნიკას. რაც უფრო მეტი მოწყობილობა გვაქვს, მით მეტია გაყიდული დამტენების რაოდენობაც, რეალურად კი ამის საჭიროება არ არის, რადგან ასეთი დამტენები ჩვენ უკვე გვაქვს", — განაცხადა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა.

2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირმა 12.3 მილიონი მეტრული ტონა ელექტრონული ნაგავი აწარმოა.

2018 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე სმარტფონთა 29 პროცენტი USB C-ს იყენებდა, 21% Lightning-ს და დაახლოებით 50% კი Micro USB-ის. ახალი კანონებით ეს პროპორციები შეიცვლება