ჟურნალ Plos Medicine-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით, რძის ცხიმის უფრო ხშირი მოხმარება შესაძლოა, კარდიოვასკულარული დაავადების ნაკლებ რისკებთან იყოს დაკავშირებული. იგი იმასაც გვეუბნება, რომ ცხიმიანი რძის პროდუქტების მიღება ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას სულაც არ ახდენს.

ექსპერტთა საერთაშორისო გუნდის კვლევამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აზრი, რომ ცხიმიან რძის პროდუქტებს, როგორიცაა ყველი, იოგურტი და რძე, ცხიმით გაჯერებული ბუნების გამო თავი უნდა ავარიდოთ.

მკვლევრებმა სისხლში ცხიმოვანი რიგის მჟავების კონცენტრაციები გაზომეს, რომლებიც რძის პროდუქტებში მოიპოვება და 60 წლის 4 150 შვედში რძის ცხიმის მოხმარება შეაფასეს.

ისინი მონაწილეებს საშუალოდ 16,6 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აღრიცხავდნენ, რამდენი მათგანი გარდაიცვალა და რამდენს ჰქონდა გულის შეტევა, ინსულტი თუ სხვა კარდიოვასკულარული პრობლემები.

მონაწილეებს, რომელთაც რძის ცხიმოვან მჟავათა ყველაზე მაღალი დონეები ჰქონდათ, კარდიოვასკულარული დაავადების რისკი ყველაზე დაბალი აღმოაჩნდათ. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ რძის ცხიმის უფრო ხშირი მიღება სიკვდილის გაზრდილ რისკებთანაც არ იყო კავშირში.

ქეთი ტრიუმ, კვლევის მთავარმა ავტორმა ჯორჯის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტიდან, განაცხადა, რომ ცხიმის მიღება და მისი კავშირი გულის ჯანმრთელობასთან იმაზე კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

"თანდათან უფრო იკვეთება, რომ საკვები ცხიმის სახე, ან საკვები ცხიმის წყარო, სინამდვილეში იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ცხიმის რაოდენობა", — თქვა მან.

ფოტო: baibaz / Getty Images

"რძის პროდუქტების შეძენისას უცხიმო ვარიანტის შერჩევა ნაკლებად მნიშვნელოვანია", — განაცხადა ტრიუმ და გვირჩია, რომ ჯობია, დამატებითი შაქრისა და ნატრიუმის შემცველ პროდუქტებს ვერიდოთ — "მაგალითად: უკეთესია, შეუზავებელი იოგურტები შევარჩიოთ, ვიდრე ნაკლებად ცხიმიანი, მაგრამ არომატიზებული".

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მიღებული რძის ცხიმის რაოდენობის აღსაწერად ბიომარკერების გამოყენება უფრო სანდო იყო, ვიდრე კვებითი ჩვევების შესახებ მონაწილეების მონათხრობზე დაყრდნობა. მიუხედავად ამისა, ბიომარკერებს არ შეეძლო გარჩევა, თუ რა ტიპის რძის პროდუქტები მიიღეს მონაწილეებმა და ჰქონდათ თუ არა მათ განსხვავებული ზემოქმედება.

ყველის მოხმარება, მაგალითად, აქამდე კარდიოვასკულარული დაავადების დაბალ რისკთან დააკავშირეს, აპრილში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა ამერიკულმა კვლევამ კი კარაქის მოხმარება სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკს დაუკავშირა.

"ყველი K ვიტამინს შეიცავს, ამიტომაც შესაძლოა, იგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვის კუთხით სასარგებლო იყოს", — თქვა ტრიუმ და ისიც დაამატა, რომ დამატებითი კვლევაა საჭირო, რათა რძის პროდუქტებსა და გულის ჯანმრთელობას შორის კავშირი დადგინდეს.

შვედური ანალიზის გარდა — შვედეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ყველაზე ხშირად მოიხმარენ რძეს — მკვლევრებმა მეტა-ანალიზიც წამოიწყეს, რომელმაც 17 სხვა კვლევა მოიცვა. აქ კი გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და დანიაში დაახლოებით 43 ათასამდე ადამიანი ჩაერთო. რძის ცხიმის უფრო ხშირი მოხმარება კარდიოვასკულარული დაავადებების დაბალ რისკს უფრო ვრცელმა ანალიზმაც დაუკავშირა.

ტრიუს თქმით, მიგნებების განზოგადება თავისუფლადაა შესაძლებელი დასავლური ყაიდის რაციონის მქონე ქვეყნებზე, როგორიცაა თუნდაც ავსტრალია. მიუხედავად ამისა, მკვლევრები მაინც იმას ამბობენ, რომ "მიგნებათა ექსტრაპოლაცია სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე ფრთხილად უნდა მოხდეს", რადგან 60 წლის ადამიანთა დიდი უმრავლესობა შვედეთსა თუ ფინეთში გახლდათ დაბადებული.

ასევე იხილეთ: ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი არითმიის რისკს ზრდის — კვლევა.

2018 წლის მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე 21 ქვეყანაში ჩატარდა, ასევე დაადგინა, რომ რძის პროდუქტების მოხმარებამ შესაძლოა, გულის დაავადებისა და ინსულტისგან დაგვიცვას.

შვედური კვლევის ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ მონაწილეთა ბიომარკერები მხოლოდ ერთხელ, კვლევის დასაწყისში გაზომეს, რამაც მიღებული საკვები ცხიმის რაოდენობა მხოლოდ დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში აჩვენა.

"გვგონია, რომ რაციონი დიდად არ შეიცვლებოდა", — განაცხადა ტრიუმ იმ ფაქტის დაშვებით, რომ რძის მოხმარებასთან დაკავშირებული ჩვევები შესაძლოა, კვლევის პერიოდის განმავლობაში ერთგვაროვანი არ ყოფილიყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.