შრილანკელი ექიმბაში, რომელიც ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ "მაგიურ ნაყენებს" სთავაზობდა, COVID-19-ით გარდაიცვალა.

ელიენთა უაითი ცნობილ სპორტსმენებსა და პოლიტიკოსებს სპეციალური ნაყენით მკურნალობდა, რომლის რეცეპტიც, მისივე თქმით, სიზმარში იხილა.

ის ასევე აცხადებდა, რომ თუ ამ "წმინდა წყალს" მდინარეებში ჩაასხამდნენ, მაშინ შრი-ლანკასა და მეზობელ ინდოეთში პანდემიას ბოლო მოეღებოდა.

აღსანიშნავია, რომ მისი მეთოდების მხარდამჭერებს შორის იყო შრი-ლანკის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი პავიტრა ვანიარაჩი, რომელიც აგვისტოში თანამდებობიდან გადააყენეს: მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ეს პოლიტიკოსი თავადაც დაინფიცირდა კორონავირუსით, შამანის მიერ დამზადებული "სასწაულმოქმედი წამლის" მიღებისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას.

BBC-ის ცნობით, 48 წლის ელიენთა უაითი კორონავირუსით სექტემბრის დასაწყისში დაინფიცირდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მკურნალობდა.

მისი გარდაცვალების შესახებ მწუხარება გამოხატა შრი-ლანკის ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა — მაჰინდა რაჯაპაკსამ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის შესამუშავებლად ამ ექიმბაშთან კონსულტაციებიც კი გაიარა.

გასულ თვეში შრი-ლანკაში ეპიდემიური მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა, რადგან კორონავირუსის დელტა შტამი მასობრივად გავრცელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე 12 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ნახევარ მილიონზე მეტი დაინფიცირდა კორონავირუსით.