პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, გუშინ, 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტების შეკრება იყო პარტის ორგანიზებული. ხოშტარიას ამ ფაქტს ევროკავშირის საელჩოზე თავდასხმად აფასებს.

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების ორგანიზებული, ღიად ორგანიზებული, თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე. ჩვენ, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეებიც უკვე და ჟურნალისტები შეჩვეულები ვართ, რომ ქართული ოცნების საუბრის ენა განსხვავებული აზრის მქონე ან მათთვის მიუღებელი ადამიანებისთვის, ეს შეიძლება იყოს მართლაც ნებისმიერი მოქალაქე, არის ძალადობა. მაგრამ გუშინ ჩვენ ვნახეთ ხარისხობრივად ახალი ეტაპი ქართული ოცნების მოქმედების, რომელიც მძიმედ აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან — ორგანიზაციასთან, რომლის გარეშე სახელმწიფოებრიობა, განვითარება უბრალოდ ვერ იარსებებდა და ვერ იარსებებს", — თქვა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია აცხადებს, რომ მელიასა და კობახიძის დაპირისპირების შემდეგ, მალევე ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის საელჩოში თავდასხმა და ბლოკირება დაგეგმა. მისი თქმით, პარტიამ ოფისთან ზონდერები მიიყვანა.

"იქ იყვანენ "გლდანის ვოლკები", ვციტირებ იმ კონკრეტულ დაჯგუფებას, როგორც თავად ქართული ოცნება ეძახის. ესეც ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის, ჩვენს ნებისმიერ მოქალაქეს ასე ვუწოდოთ და ასე ვიყენებდეთ ზოგადად დაპირისპირებაში. იქ იყვნენ საბურთალოს დაჯგუფება და ნაძალადევის დაჯგუფება. მათ დააორგანიზეს სწრაფად ევროკავშირთან, პრაქტიკულად თავდასხმა და საათების განმავლობაში შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიუხედავად ელჩის მხრიდან ოცნებასთან კომუნიკაციისა", — თქვა ბრიფინგზე ხოშტარიამ.

გუშინ 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.

ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

დაპირისპირების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მალევე ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილზე დარჩებოდნენ ნიკა მელიას გამოსვლამდე. მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისში პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იქ შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება პირადად სთხოვეს. ენმ-ს წევრმა კი თქვა, რომ სანამ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება, მელია ევროკავშირის ოფისს არ დატოვებს.

მოგვიანებით ევროკავშირის ოფისთან შეკრებილი ქართული ოცნების მხარდამჭერები დაიშალნენ და ამის შემდეგ ნიკა მელიამაც დატოვა ოფისი.