პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას სამართლებრივ მხარდაჭერას სთავაზობს.

"აბსოლუტურად მიუღებელია ნარკოდამოკიდებულების თემით მანიპულირება, ანუ ნარკოდამოკიდებულების კიდევ უფრო სტიგმატიზაცია, ვიდრე დღეს არის, ამიტომ მე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით მაქვს მკვეთრი წინააღმდეგობა გიორგი გახარიასთან, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო სამართლის იურისტი, ვთავაზობ სამართლებრივ მხარდაჭერას გიორგი გახარიას წარმოვადგინო ის თბილისის სასამართლოებში ცილისწამების საქმეზე უტიფარ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და ასევე, წარმოვადგინო ის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რათა მან იბრძოლოს საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისთვის", — აცხადებს დოლიძე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 23 სექტემბერს იმედის ეთერში განაცხადა, რომ "გიორგი გახარიას კოკაინი პირველად ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა და მას შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა". მისივე თქმით, იციან კონკრეტული სახელები და გვარები.

ქართული ოცნების ლიდერებმა ღიად დაიწყეს მინიშნება იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია ნარკოტიკებს მოიხმარს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას კოკაინშიკი უწოდა.

თავად გახარიამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დაუდასტურდა.

ნარკოტესტი პირველად ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჩაიტარა, ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით ახსნა და სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა. მოწოდების საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, რომ ოპონენტებმა მასთან დებატებზე პირისპირ დაჯდომის შიშით "ბანკებით" სირბილი დაიწყეს. 10 სექტემბერს მან, ასევე, განაცხადა, რომ ახლო მომავალში ნარკოტესტთან დაკავშირებით "საინტერესო ინფორმაციას" გაამხელდა.

გაიგე მეტი: