ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფაილებში მის შესახებ არსებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს. მისი თქმით, ეპიზოდები დაახლოებით 2019 წლისაა, თუმცა ვერ ხვდება ეს ინფორმაცია რა წყაროთი შეიძლება იყოს მოპოვებული, რადგან არ ახსოვს სატელეფონო საუბრები იყო, თუ არა.

"იყო ჩემთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები, 3-4 ეპიზოდი იყო, რომელიც მე მიკავშირდებიდა და ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. დღეს, სამი წლისთავზე გამიჭირდება იმის თქმა, ეს სატელეფონო საუბარი იყო თუ რა ფორმით იყო ინფორმაცია მოპოვებული, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა ბუნებაში და ამაზეა საუბარი ფაილებში, რომელიც გამოქვეყნდა", — განაცხადა მან იმედის ეთერში.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: