ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ თუ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურია, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა მოსახლეობის მიმართ მასობრივ მიყურადებას ახორციელებდა, რაც დაუშვებელია ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს.

"თუ ფაილები ნამდვილია და ჩანს, რომ მათ შორის, დიდი ნაწილი სიმართლეა, ეს აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლების და ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მხრიდან მოსახლეობაზე მასობრივი დაკვირვება ხორციელდებოდა. ის იმდენად არ მაწუხებს, უფრო ზუსტად, მაღელვებს, მაგრამ არ გამკვირვებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უსმენს, რას ამბობენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები. მთავრობები ამას ხშირად აკეთებენ — სხვების კომუნიკაციის აკვირდებიან, ეს უბრალოდ რეალობაა. მაგრამ მასობრივი თვალთვალი რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, ოპოზიციის, სკოლის დირექტორების მიმართ, ეს სკანდალია და იმედი მაქვს, საბოლოოდ გაირკვევა, სინამდვილეში რა ხდებოდა. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ მთავრობა მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივ მიყურადებას ახორციელებდა და ეს არ არის ის, რასაც იმ ქვეყნის მთავრობა უნდა აკეთებდეს, რომელსაც დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს", — აცხადებს კრამერი მარგარეტ ტეტჩერის ცენტრთან.

დევიდ კრამერმა სემინარისას ქართული ოცნების მმართველობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბიძინა ივაშვილის გავლენით ქვეყანას არასწორი მიმართულებისკენ მიაქანებს. მისი თქმით, საქართველო ახლა განვითრების კრიტიკულ წერტილშია.

კრამერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნა ევალება, რასაც ქართული ოცნება არ აკეთებს და ამის ნაცვლად, ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, რის გამოც, არის საშიშროება, ეს არჩევნებიც ისეთივე საეჭვო შედეგებით დასრულდეს, როგორც წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა.

მან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაც ახსენა და თქვა, რომ თუ მმართველი პარტია 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწევს.

მკვლევარმა ისაუბრა მთავრობის მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის რეალურ მიზეზზეც და განმარტა, რომ ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა ის პირობები, რაც თანხის მისაღებად იყო გათვალისწინებული.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: