თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას წამოცდენას უწოდებს. მისი თქმით, ელჩი მოსმენებთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმატში საუბრობდა, რაც ჯერჯერობით გამოძიების მიერ დადგენილი არ არის.

"უნდა ჩატარდეს გამოძიება და ობიექტური გამოძიება დაადგენს ყველაფერს, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი და ასე შემდეგ. ასე რომ, ნაადრევად რაიმეზე კომენტარის გაკეთება, რაც მე ვფიქრობ, ელჩის მხრიდან წამოცდენა იყო, რადგან მტკიცებით ფორმატში საუბრობდა, რომ თითქოს ელჩებს უსმენდნენ, ამიტომ გამოძიება არის მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს სიმართლე", — განაცხადა თბილისის მერმა პალიტრანიუსთან.

22 სექტემბერს ჰარცელმა გავრცელებულ ფაილებსა და სავარაუდო მოსმენებზე თქვა, რომ ბუნებრივად არ მიაჩნიათ, ისეთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მათ წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ტიპის საქმიანობაში იყოს ჩართული. მისივე განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.

ჰარცელის განცხადებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო.