ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ დღეს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეებს შორის მომხდარი დაპირისპირება ცირკად და ქაოსად შეაფასა. მისივე თქმით, დღეს მომხდარი იყო უპასუხისმგებლობა, არამხოლოდ ერთმანეთის, არამედ მოქალაქეების მიმართ.

"განსაკუთრებით დღეს, იმ ცირკის შემდგომ, რასაც ჩვენ ვუყურეთ, შეუძლებელია თითოეულმა ჩვენმა პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ თავისი გადმოსახედიდან, თავის გარშემო მაინც არ მოუწოდოს ჩვენს მოქალაქეებს, 2 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე. რატომ? მეგობრებო, იმიტომ, რომ ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება. ეს არის ორი ქვეყანაში უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის, როგორც თვითონ აცხადებენ, ლიდერები, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ.

მეორე იმიტომ, რომ ეს უკუსვლა უნდა დასრულდეს. ეს წარსულში დაბრუნება რის ყოველდღიურ დემონსტრაციასაც ახდენს ოცნება, უნდან დასრულდეს. ამ ქვეყანაში დროის კარგვა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ბოლო თვეების განმავლობაში, უნდა დასრულდეს. რაც მთავარია, ეს ქაოსი, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს უპასუხისმგებლობა, ერთმანეთის მიმართ კი არა, ეს გავიგე, მაგრამ მოქალაქის მიმართ, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს", — განაცხადა გახარიამ.

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.

ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევნდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ მივიდნენ.