ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყნის პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კარგად დაინახეს ხელისუფლების სახე. ამის შესახებ მელიამ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

"ყველამ ძალიან კარგად დაინახა რეალური სახე, გარწმუნებთ, განსაკუთრებით, ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოს ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, დაინახა რას აწყობდნენ. მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ძალადობს ადამიანებზე ყოველდღიურად", — ამბობს მელია.

ენმ–ის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ამავე თემაზე პარტია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

"ამაზე ნათლად, მემგონი, ქართული ოცნებას, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს ასე ვერ წარმოაჩენდა მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე", — თქვა მან.

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენფიზიკურად გაიწიეს.

ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევნდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

დაპირისპირების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მალევე ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილზე დარჩებოდნენ ნიკა მელიას გამოსვლამდე. მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისში პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იქ შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება პირადად სთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის მომხრეები დაიშალნენ, თუმცა ადგილზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მივიდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, შეხვედრა დასრულდა, თუმცა სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერიტორიის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს, ელჩის თხოვნაა, რომ შეხვედრის მონაწილეები შენობაში დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ მივიდნენ.

გაიგე მეტი: