ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ორფეხა დინოზავრების კუდის ფუნქცია ცხოველთა თავის დიდი წონის დაბალანსება იყო. თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ მენჯის ეს უზარმაზარი წანაზარდი მათ უფრო სწრაფად სირბილში ეხმარებოდა. ამისთვის საკმარისი იყო, რომ ის აქეთ-იქით გაექანავებინათ, რის შედეგადაც საჭირო იმპულსს იღებდნენ.

სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, როგორ გადაადგილდებოდნენ ცელოფიზის გვარის წარმომადგენელი ხორცისმჭამელი დინოზავრები, რომლებიც გაქცეულ მსხვერპლს მარტივად ეწეოდნენ და იხელთებდნენ. მათ ამ მცირე ზომის არსებების ჩონჩხების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოსახულებები გამოიყენეს, რომლებზე დაყრდნობითაც სამგანზომილებიანი სიმულაცია შექმნეს.

აღნიშნულმა მოდელმა მათ საშუალება მისცა დაედგინათ, რომელი მოძრაობა იქნებოდა საუკეთესო კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მაგალითად, სწრაფად სარბენად. დასკვნების გამოსატანად, მკვლევრებმა ცელოფიზის ციფრულ ორეულს სხეულის სხვადასხვა ნაწილი მოაშორეს. როცა ჯერი კუდზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ უიმისოდ ცხოველს სიჩქარის განსავითარებლად კუნთების 18 პროცენტით დაძაბვა, ანუ მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევდა.

გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები აცხადებენ, რომ ორფეხა დინოზავრები სირბილის დროს კუდს იმავე მიზნით აქნევდნენ, რა მიზნითაც ადამიანები — ხელებს. მაგრამ ეს ძაღლის კუდის ქიცინში არ უნდა აგვერიოს, რადგან საუბარია უფრო დინჯ მოძრაობაზე, რომელიც ფეხების მონაცვლეობას შეესაბამებოდა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი მიგნება სხვა ორფეხა დინოზავრების, მაგალითად, ტირანოზავრების ფიზიოლოგიის უკეთ შესწავლაში, ამა თუ იმ არსების განვითარების შესახებ მეტის გაგებაში და მოქნილი რობოტების შექმნაში დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.