ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეების დაპირისპირების შეფასებისაას, მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მელიამ კობახიძეს "გინება გამოსტყუა". მას არ დაუგმია იმ ფრაზების შინაარსი, რომლებიც პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უთხრეს, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ პროვოკაციები მძიმე მოსათმენია.

"თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, მე არ გამიგია მისი გინება და გამოსტყუა დედის გინება. აი, წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა. უმძიმესია, ირაკლიმაც თქვა, რომ პირადად თავის თავზე გამოსცადა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და აგინეს. ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევნდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.

მოგვიანებით ბრიფინგზე კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმ სიტყვების გამო, რომელიც მისგან მოისმინა.