1000+ კომპანიას საკუთარ ციფრულ პროდუქტებში საქართველოს ბანკის API სერვისები უკვე ინტეგრირებული აქვს და ამ კომპანიების რიცხვს შეგიძლიათ თქვენც შეუერთდეთ.

საქართველოს ბანკმა პლატფორმა api.bog.ge შექმნა, სადაც ბიზნესებს მარტივად შეუძლიათ მათთვის საჭირო API იპოვონ და სწრაფადვე ჩააინტეგრირონ მათ პლატფორმაზე. API პროგრამული შუამავალია, რომელიც ბიზნესებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა სერვისის საკუთარ ციფრულ პლატფორმაზე გამოყენებაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, პლატფორმა MVP-ის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა აქ უკვე ყველა ის საბანკო სერვისია თავმოყრილი, რომლებიც შეიძლება ბიზნესებს მათი ციფრული არხების ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდეთ. ეს სერვისებია: ონლაინ გადახდები, ონლაინ განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები და მომხმარებლის ანგარიშის მონაცემების გაზიარება (ღია ბანკინგი).

ინიციატივა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ბანკის მხრიდან Bank-as-a-Service მიმართულების განვითარების კუთხით. მეორე მხრივ კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ციფრული ბიზნესის განვითარების კუთხით. ისინი შეძლებენ ქართულ ბაზარზევე იპოვონ და მარტივად გამოიყენონ ფინანსური API სერვისები, რის შემდეგაც უზრუნველყოფენ ეფექტიანი ონლაინ მომსახურებას მომხმარებლისთვის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმის არსებობა წამახალისებელი ფაქტორია ქართული ბიზნესებისთვის, შეიძინონ ქართულ ბაზარზე შექმნილი API-ები, უცხოური ანალოგების ყიდვისა და საკუთარ სისტემაზე მორგების ნაცვლად. ამასთან, საქართველოს ბანკის მომხმარებელს ამ გზით ექნება შესაძლებლობა ბანკის სერვისებით ინტერნეტ და მობილბანკის გარეთ, სასურველ ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ისარგებლოს.

"ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ბანკის სერვისები გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მომხმარებელს დავახვედროთ სწორ დროსა და სწორ ადგილას. ამის შესაძლებლობას გვაძლევენ ჩვენი ის პარტნიორები, რომლებიც ბანკის ფინანსურ სერვისებს იყენებენ საკუთარ ციფრულ პროდუქტებში. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ბანკმა მომხმარებელს არსებული API სერვისები ერთ სივრცეში შესთავაზა. სამომავლოდ კი ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი API სერვისის დანერგვას, რის შედეგადაც მომხმარებლები უკვე სრულყოფილი API Marketplace-ით შეძლებენ სარგებლობას. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული სერვისების საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრაციით არაერთი ბიზნესი მოახერხებს უფრო სწრაფად განავითაროს საკუთარი საქმიანობა", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

აღნიშნული სერვისების ინტეგრაცია api.bog.ge-დან, გამარტივებული დოკუმენტაციის დახმარებითაა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ყველა პროდუქტის შესახებ. გაეცნონ ინტეგრაციისათვის საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციებს, გააკეთონ განაცხადი მათთვის სასურველ პროდუქტზე და მიიღონ მხარდაჭერა კითხვების არსებობის შემთხვევაში.

პლატფორმას განვითარების შემდეგ ეტაპებზე თითოეული სერვისის მართვისა და ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატება. გარდა ამისა, api.bog.ge-ზე განთავსდება საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ყველა სამომავლო API პროდუქტი, რაც პლატფორმას კიდევ უფრო მრავალფეროვან და მრავალმხრივ გამოსადეგ სივრცედ აქცევს.