ჩვენ ვიცით, რომ ვარჯიშს შეუძლია კუნთის მასა გაგვიზარდოს და გაგვიუმჯობესოს ფიზიკური მონაცემები, მაგრამ რა გავლენა აქვს მას ჩვენს ტვინზე? რამდენად უწყობს ხელს ვარჯიში ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას?

რეალურად ვარჯიშს უამრავი დადებითი შედეგი აქვს — როგორც ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთის.

მაგალითად, სირბილი გეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, მაგრამ მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ტვინზეც დადებითად მოქმედებს. კვლევების თანახმად, ვარჯიში არა მხოლოდ გეხმარებათ ტვინის ახალი უჯრედების გაზრდაში, არამედ კარგ განწყობასაც გიქმნით, რასაც საბოლოოდ დადებითი გავლენა აქვს როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ შესაძლებლობებზე.

რა ხდება თქვენს ტვინში ვარჯიშის დროს და როგორ შეიძლება ეს თქვენთვის სასარგებლო იყოს

ჟურნალ Trends in Neuroscience-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფიზიკური აქტივობა ჩვენს ტვინსაც "ავარჯიშებს". კვლევამ აჩვენა, რომ სირბილი, ან სარბენ ბილიკზე აქტივობა ზრდის ადამიანის ტვინში არსებულ მოლეკულებს, რომლებიც სწავლას უწყობს ხელს და იცავს კოგნიტურ დაქვეითებას. მთლიანობაში, ეს ხელს უწყობს ტვინის პლასტიურობას უჯრედების და ტვინის ქერქის უბნებს შორის ახალი კავშირების განვითარების სტიმულირებით.

ამასთან, ამ მოლეკულების ზრდა, რომელიც ცნობილია როგორც ტვინის ნეიროტროფიული ფაქტორი (BDNF), ხდება ჰიპოკამპუსში, რომელიც არის მეხსიერების ფორმირებისა და სწავლის ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ BDNF არის ცილა, რომელიც ხელს უწყობს ტვინის მიკროსქემის ხელუხლებლად შენარჩუნებას. მათ, ვისაც აქვთ BDNF-ის დაბალი დონე, ალცჰაიმერის, დემენციის და დეპრესიის განვითარების უფრო მაღალი შანსები აქვთ.

მეცნიერების თქმით, მიზეზი, რის გამოც ადამიანებს დაბერებასთან ერთად მეხსიერების დაქვეითება ეწყებათ, ან დემენცია უვითარდებათ, არის ის, რომ ჰიპოკამპუსი ასაკთან ერთად მცირდება. ამ თემაზე ჩატარებული კვლევები კი მეტყველებს, რომ ვარჯიში ჰიპოკამუსზეც დადებითად მოქმედებს.

"ვარჯიში ჩვენს ტვინს "საწვავს" აწვდის. ეს ნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ტვინში ჟანგბადის მიღებას, რაც აუცილებელია ჩვენი არსებობისთვის. მეტიც, ვარჯიში ეხმარება გულს უფრო გამართულ მუშაობაში და ფუნქციონირების დროს მეტი სისხლის მოძრაობაში. როდესაც ვარჯიშის დროს თქვენი გული უფრო სწრაფად სცემს, ის უფრო მეტ სისხლს იღებს სხეულში", — ამბობს დოქტორი დელის კოფი, რომელიც სპორტსმენებს ვარჯიშში ეხმარება.

კოფისვე თქმით, ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო აერობული სტილის ვარჯიშებია.

"კვლევებმა აჩვენა, რომ ცურვა და სირბილი საუკეთესოა ტვინის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სპორტულ დარბაზში ვარჯიშსაც შეუძლია გაზარდოს გულისცემა, რაც ასევე სასარგებლოა ტვინისთვის“, — ამბობს ის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვარჯიში მნიშვნელოვნად "უპირისპირდება" დეპრესიას და შფოთვის სიმპტომებს. Neuropsychopharmacology-ის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სირბილის ანტიდეპრესანტული მოქმედება განპირობებულია ჰიპოკამუსში უჯრედების ზრდით. საინტერესოა ის ფაქტორიც, რის მიხედვითაც, თუ ჯგუფურად ვარჯიშობთ, ეს ყველაფერი ენდოგენურ ოპიოიდურ სისტემაზე მოქმედებს, რაც ხელს უწყობს სოციალური სიახლოვეს ადამიანებში. დაკვირვებების მიხედვით, ამის კარგი მაგალითია ნიჩბოსნების გუნდის წევრები, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას ერთდროულად ეწევიან.

ვარჯიში არა მხოლოდ კარგად მოქმედებს გულის ცემაზე და ზოგადად ტვინზე, ის გეხმარებათ უკეთ ძილში, ამცირებს სტრესს და საბოლოოდ თქვენს დიეტაზეც დადებითად მოქმედებს. 2019 წელს ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ დაადასტურა, რომ რაც უფრო ენერგიულად ვარჯიშობს ადამიანი, მით უფრო იწყებს ჯანსაღი საკვების შერჩევას. გამოკითხვამ აჩვენა, რომ როგორც კი ადამიანი აქტიურად იწყებს ვარჯიშს, ის უცხიმო ხორცზე გადადის, მიირთმევს ხილს, თხილს და ნაკლებად ეძალება შემწვარ საკვებს, გაზიან სასმელებს და "სწრაფ კვებას".

დასასრულს, მოგვწონს თუ არა სარბენად წასვლის იდეა, თუ სპორტდარბაზში სიარული, სამეცნიერო ფაქტები და კვლევები პირდაპირ გვეუბნება, რომ ჯობია "მოგვწონდეს".

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.