საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე პროკურატურას მიმართა და განაჩენის გასაჩივრება მოითხოვა. GDI-ის განცხადებით, სასამართლომ ბრალდებულებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელი შეუფარდა — გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო.

ვახო სანაიას თავდამსხმელებს 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენით, ძირითადი სასჯელის სახით, განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. GDI-ის პოზიციით სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი.

"სასამართლომ სასჯელის ზომის დასაბუთებისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი რომ ძალადობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. სასამართლომ არც იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოძალადეები მოქმედებდნენ ჯგუფურად. ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მკაცრ მიდგომებს", — წერია GDI-ის განცხადებაში.

25 აგვისტოს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა 150-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ და სამივე მათგან იმ დღესვე დააკავეს. 25 აგვისტოს, გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს გავიდა 6 თვე მათი დაპატიმრებიდან, შესაბამისად, იმავე დღეს გამოვიდნენ ციხიდან.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი 13 აგვისტოს ჩატარდა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენის გამოტანა 25 აგვისტომდე გადადო. სანაია მაშინ ამბობდა, რომ ყველა არგუმენტი და მტკიცებულება "დევს ხელის გულზე" იყო და განაჩენის გამოცხადების გადადების საფუძველი არ არსებობდა.

ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობა იყო.

გაიგე მეტი: