თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, გავრცელებულ ფაილებზე ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები, გავრცელებული ფარული ჩანაწერები და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. ბატონი ელჩის მთავარი ინტერესის საგანი იყო ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში.

სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ვისაუბრეთ გავრცელებული ფარული ჩანაწერების უკანონობაზე, ქვეყნის სასამართლო და საგამოძიებო სისტემების პრობლემებსა და მათი რეფორმების ხედვებზე. ასევე განვიხილეთ საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ფორმით ქალი პოლიტიკოსების მიმართ ზეწოლაზე, მათ შორის, სიძულვილით სავსე თავდასხმებზე სოციალურ ქსელებში და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში", — განაცხადა დოლიძემ.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: