შვედეთის საბუნებისმეტყველო მუზეუმში მომუშავე მეცნიერებმა დედამიწაზე მომხდარი ყველა მასობრივი გადაშენების საერთო ნიშნები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი თანამედროვე მსოფლიოში უკვე იჩენენ თავს. გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მომდევნო მსგავსი მოვლენა კლიმატის ცვლილების გამო ნელ-ნელა ძალას იკრებს.

ჩვენი პლანეტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, პერმულ-ტრიასული მასობრივი გადაშენება 252 მილიონი წლის წინ მოხდა და ის გაზრდილი ვულკანური აქტიურობით იყო განპირობებული. ამ დროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ, ისევე, როგორც ტემპერატურამ საგანგაშოდ მოიმატა, რასაც ცხოველთა სახეობების 90 პროცენტის განადგურება მოჰყვა.

იმის გასარკვევად, თუ რა გავლენა იქონია ამან მტკნარი წყლის ეკოსისტემაზე, სპეციალისტებმა ავსტრალიაში მდებარე სიდნეის აუზში იმ პერიოდის ნამარხები, დანალექი და ქვების ქიმიური შემადგენლობა შეისწავლეს. ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ ცხოველთა განადგურების შემდეგ, მიკროსკოპული წყალმცენარეებისა და ციანობაქტერიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ასევე, ისინი მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში პერიოდულად მრავლდებოდნენ.

ჩვეულებრივ, ამგვარი ორგანიზმები წყალს და იქ მობინადრე არსებებს ჟანგბადით ამარაგებენ, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მათ საპირისპირო ეფექტი იქონიეს და ზღვაში მომწამვლელი ნივთიერებები გაუშვეს, რამაც ეს გარემო სიცოცხლისთვის არათავსებადი გახადა. ამან 3 მილიონ წელიწადს გასტანა.

მეცნიერთა განცხადებით, ეს მხოლოდ ერთჯერადი მოვლენა არ იყო. ყოველი მასობრივი გადაშენების დროს მსგავსი რამ ხდებოდა, თუ არ ჩავთვლით 66 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგებს. ამ შეჯახებამ, სხვა ცხოველებთან ერთად, დინოზავრებიც შეიწირა.

დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ნაშრომის ავტორები შიშობენ, რომ ადამიანთა სამრეწველო საქმიანობით გამოწვეულმა კლიმატის ცვლილების პროცესმა, შესაძლოა, წყალმცენარეთა გამრავლებისთვის სათანადო პირობების შექმნას შეუწყოს ხელი. ეს კი ახალი ეკოლოგიური კატასტროფის წინაპირობა იქნება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ტბებსა და წყალმარჩხ ადგილებში მავნე წყალმცენარეები უკვე საკმაოდ გავრცელდნენ, რაც ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურის მატებასა და ფაუნის ცვლილებას, კერძოდ კი გაუტყეურებას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე საუკუნის დასასრულს, შუა განედებში განლაგებულ რეგიონებში ზაფხულობით ისე დაცხება, რომ ამ ორგანიზმებისთვის იდეალური გარემო შეიქმნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.