ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კალ ჰარცელი და სხვა ელჩები ქართული ოცნებისა და ოპოზიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ელჩები 14:00 საათზე, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი 15:00 საათზე შეხვდებიან.

ქართული ოცნების ოფისში აცხადებენ, რომ შეხვედრა საარჩევნო საკითხების განსახილველად იმართება.

22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 13 სექტემბერს გავრცელებულ ფაილებზე თქვა, რომ ბუნებრივად არ მიაჩნიათ, როდესაც პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მათი წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ტიპის საქმიანობაში იყოს ჩართული. მისივე განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. ჰარცელის განცხადებით, ისეთი პარტნიორი ქვეყნისგან როგორიც საქართველოა, მსგავსი ტიპის საქმიანობას მათ წინააღმდეგ ბუნებრივად არ მიაჩნიათ. მისივე თქმით, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად იღებენ, რადგან ეს აჩენს კითხვებს, ვენის კონვენციის დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისით.

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს".

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: