ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საპატრიარქო ახალი ტიპის დაფინანსებაზეა გადასასვლელი. მისი თქმით, თავად მრევლმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ დააფინანსოს ის. ასე უპასუხა მან On.ge-ს ჟურნალისტის კითხვას, "იმ შემთხვევაში თუ გიხილავთ ხელისუფლებაში, შეძლებთ თუ არა, გადადგათ ნაბიჯი, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ დაფინანსების გაუქმებაზე?"

"კონკორდატი, რომელიც არსებობს, ამ დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა მე პირადად მიღებული მაქვს, ეს იყო 2000-2001 წელი და ჩემს მეგობრებთან ერთად მაშინ ვთვლიდი, რომ ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი, იმიტომ, რომ საბჭოთა რეჟიმმა ჩვენს ეკლესიას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ახლა გავიდა მას შემდეგ უკვე 21 წელი, ახალი რეალობაა ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის და აქვე მინდა განვმარტო, რომ ეკლესია არის სასულიერო დასისა და მრევლის ერთობა. ჩვენ ვართ ეკლესია, ვინც ახლა ამ ეკლესიას ვეკუთვნით, შესაბამისად, იქ დამალული არ უნდა იყოს, ვიღაცას ერევა ეკლესია საპატრიარქოში და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ გადასასვლელია ახალი ტიპის დაფინანსებაზე და თვითონ მრევლმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა დააფინანსოს ის. უამრავი მეთოდი არსებობს ამის, გერმანული, სხვა მეთოდი, როცა თვითონ ადამიანები იხდიან თავისი გადასახადებიდან და ბეგარისგან თავისუფლდებიან. უამრავი მექანიზმია, ამაზე ალბათ, დისკუსია უნდა მოეწყოს", — განაცხადა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.

გადაცემის წამყვანის კითხვას, მოსწონს თუ არა დაფინანსების არსებული ფორმა, ხაზარაძე პასუხობს, რომ მან "თავი ამოწურა". მისივე თქმით, საპატრიარქო ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა.

"იქ ბევრი კითხვაა, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში და ბოლოს მიდის, "25 მილიონს ვაძლევთ და აბა, რა კეთდება". მე მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რაღაც კეთდება, მაგრამ ბევრი რაღაც კეთდება, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ამიტომ, საპატრიარქო ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, ანგარიშვალდებული და აუდიტირებული, ისევე, როგორც ნებისმიერი, თუ გვინდა, რომ ცივილურ ურთიერთობაში შევიდეთ. თუ ეს არ არის გამჭვირვალე და აუდიტირებული, მაშინ ჩნდება იქ კითხვები", — აცხადებს ის.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.