თალიბანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის ნებართვა ითხოვა. აღნიშნულზე ინფორმაციას საერთაშორისო მედია, მათ შორის CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თალიბებმა შესაბამისი წერილი გაეროს გენერალურ მდივანს 20 სექტემბერს გაუგზავნეს და საკუთარ წარმომადგენლად მუჰამედ სუჰაილ შაჰინი წარადგინეს.

"გენერალურმა მდივანმა ავღანეთის ისლამური ემირატისგან მიიღო წერილი, დათარიღებული 20 სექტემბრით, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა მინისტრი, ამირ ხან მუთაკი აწერდა და მონაწილეობის ნებართვას ითხოვდა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სხდომაზე, რომელიც 2021 წლის 21-27 სექტემბერს გაიმართება", — ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი, სტეფან დუჯარიკის განცხადებაში.

როგორც მედია წერს, ამჟამად ავღანეთი გაეროში გულამ ისაკზაის მიერ არის წარმოდგენილი. თალიბების თქმით, ის ავღანეთს "უკვე აღარ წარმოადგენს". CNN-ის ცნობით, გასულ კვირას ისაკზაიმ გაეროს გენერალურ მდივანს გენერალური ასამბლეის დელეგატების სიით წერილი გაუგზავნა და საკუთარი თავი დელეგაციის ხელმძღვანელად დაასახელა. დუჯარიკის თქმით, ორივე წერილი გაეგზავნა გაეროს კომიტეტს და განხილვის ეტაპზეა.

BBC აღნიშნავს, რომ არცერთ მთავრობას არ აქვს ოფიციალურად აღიარებული თალიბანი, როგორც ავღანეთის ახალი მთავრობა და გაეროს მიერ ელჩის კანდიდატურაზე თანხმობა საერთაშორისო აღიარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

გაიგე მეტი: