"თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს, ყველაფერი დადასტურებულია", — უთხრა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას სავარაუდო მოსმენების შესახებ დაუსვა კითხვა.

— 2012 წელს ქართული ოცნება მოვიდა იმ დაპირებით, რომ ადამიანებს აღარ მოუსმენდნენ, აღარ იქნებოდა ეს მავნებლური პრაქტიკა, ეს მოიშლებოდა, რატომ გაგრძელდა?

— თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს, ყველაფერი დადასტურებულია.

— როდესაც მეუბნებით, რომ კარლ ჰარცელივით ვსაუბრობ, მე შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ჩვენი ელჩი იქნა დაბარეული.

— დიახ, ძალიან სამწუხარო ფაქტი.

დღეს, 22 სექტემბერს ჰარცელმა გავრცელებულ ფაილებსა და სავარაუდო მოსმენებზე თქვა, რომ ბუნებრივად არ მიაჩნიათ, როდესაც პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მათი წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ტიპის საქმიანობაში იყოს ჩართული. მისივე განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.