ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საერთაშორისო საკითხებში გიორგი გახარიას მრჩეველმა, ნატა საბანაძემ სავარაუდო მოსმენებზე განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა ზარალდება და ქვეყანა "მეგობრებს" კარგავს. მისი თქმით, ევროკავშირისთვისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის ის, რომ საქართველო მეგობარი ქვეყნის დიპლომატებს უსმენს, გაუგებარი და მიუღებელია.

"მე დავსვამდი ესეთ კითხვას — რატომ შეიძლება უსმენდეს დღეს საქართველო მეგობარი ქვეყნის დიპლომატს და სტრატეგიულ პარტნიორს? არის ძალიან პრობლემური ეს საკითხი ხო. ერთი შეიძლება უსმენდე იმიტომ, რომ არ ენდობი და გინდა, რაღაც დამატებითი ინფორმაცია მოიპოვო, რომელიც შენთვის არ არის განკუთვნილი და მერე რისთვის გინდა ამის გამოყენება. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირისთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ვაშინგტონსა და მეგობარი ქვეყნების დედაქალაქებში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი, რატომ შეიძლება ეს ხდებოდეს.

ჩვენი ურთიერთობები ზარალდება და საკმაოდ ცუდი მიმართულებით მივდივართ, იმიტომ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური, სტრატეტეგიული, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენს მეგობრებს. ჩვენ ვკარგავთ მეგობრებს. ახლა აქ გაეროზე შეხვედრებზეც იყო საუბარი ყველაზე დიდი პრობლემა, ახლა მე რასაც ვხედავ, არის, ახალი მეგობრები ვერ შევიძინეთ ამ წლების განმავლობაში და საოცარი სისწრაფით ვკარგავთ იმათ, ვისთანაც წლების განმავლობაში ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა იმისთვის, რომ ურთიერთობები დალაგებულიყო. ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა ამ ურთიერთობებში. ჩვენი საყრდენი დღეს ჩვენი პარტნიორებია და ასეთი ტიპის დამოკიდებულება მათ მიმართ გაუგებარია", — განაცხადა საბანაძემ ფორმულას ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰარცელმა იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც დემოკრატიულ სახელმწიფოში პირადი სივრცე დაცულია და მსგავსი სახის თვალთვალსა და მიყურადებას ადგილი არ აქვს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მიზანი ევროინტეგრაციაა, სახელმწიფო საბჭოთა კავშირის მეთოდებით იმართება.

"რეალურად 30 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დანგრრევიდან და ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოთა მეთოდებით იმართება დღესაც ქართული სახელმწიფო. ეს ხომ იგივე მეთოდია, საბჭოთა კავშირი იყო მოძალადე სახელმწიფო, მოძალადე, ძალადობდა თავის მოქალაქეებზე, სწორედ ასე, პირად სივრცეში შეჭრით, თვალთვალით, მიყურადებით, ხალხის მტრობის დაბრალებით, ნარკოტიკების ჩაგდებით პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით და ეს ელემენტები, ეს მართვის, ასე ვთქვათ, სისტემა არ ამოიშალა", — თქვა საბანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირს სახელმწიფო ბოდიშს უხდიდეს, "შარს დებს" არადიპლომატიურ საქციელში. ასე ეხმაურება იგი "ოცნების" თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას კარლ ჰარცელის კომენტართან დაკავშირებით.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: